XVI საერთაშორისო ფოლკლორული ფესტივალი კვიპროსზე

     

13-19 სექტემბერს, N Studia-ს ეგიდით კვიპროსზე, ლარნაკას XVI საერთაშორისო ფოლკლორულ ფესტივალში მონაწილეობა მიიღეს ხელვაჩაურის ხალხური სიმღერებისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლებმა: „ათძალი“, „კოლხა“, „ეპოქა” და „კოლხეთი“.

საქართველოს სახელით ფესტივალზე ასევე წარდგა კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტთა გუნდი.

საქართველოს გარდა ფესტივალში ასევე მონაწილეობდნენ ფოლკლორული ანსამბლები კვიპროსიდან, საბერძნეთიდან, ეგვიპტიდან, ბულგარეთიდან, არაბეთის გაერთიანებული საემიროებიდან, სლოვენიიდან და სომხეთიდან.

ამ წარმომადგენლობით ღონისძიებას ესწრებოდნენ სხვადასხვა ქვეყნის სახელმწიფო მოხელეები.

საქართველოს დელეგაციას თან ახლდა ხელვაჩაურის მერი, ბატონი ზაზა დიასამიძე, სხვა ოფიციალური პირები.

ფესტივალის უცხო ქვეყნების ოფიციალურ პირთა შორის ასევე გახლდათ ეგვიპტის კულტურის მინისტრის მოადგილე, ბატონი ამირ ნაბიჰი.

ფესტივალის პროგრამის ფარგლებში შედგა არაერთი აქვივობა: ოფიციალური შეხვედრა ლარნაკას მერთან, ბატონ ანდრეას ვირასთან; ჩატარდა კონფერენცია ფოლკლორის ისტორიისა და განვითარების შესახებ; მოეწყო ბერძენი ფოლკლორისტის წიგნის პრეზენტაცია; ბერძნული ცეკვის მასტერკლასები.

საფეტივალო კონცერტებს დაესწრო კვიპროსში მოღვაწე ქართველი მოძღვარი, დეკანოზი ზაქარია ფერაძე, ადგილობრივი ქართველები.

ძალიან დატვირთულ და საინტერესო საფესტივალო პროგრამას, კონცერტებსა და აღლუმებს დიდძალი მაყურებლი ესწრებოდა, რომლებიც გულთბილად და ემოციურად რეაგირებდნენ ფესტივალის მონაწილეთა გამოსვლებზე.

ვულოცავთ ხელვაჩაურის სახელმწიფო ანსამბლებს და კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტთა გუნდს ლარნაკას საერთაშორისო ფესტივალში წარმატებულ მონაწილეობასა და ჩვენი ქვეყნის ღირსეულად წარმოჩენისთვის.

ივენტის მაღალ დონეზე ჩატარებისთვის განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით, ფესტივალის ორგანიზატორებს და პირადად ქალბატონ რეა მადელას, ფესტივალის დირექტორს და კულტურული მემკვიდრეობის ასოციაციის პრეზიდენტს ნიქოზიაში.